English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘
მცირე ინოვაციური საწარმოების კლასტერის შექმნის მეთოდიკა საქართველოში

რეზიუმე

21-ე საუკუნის დასაწყისში მოწინავე ეკონომიკის მქონე თითქმის ყველა სახელმწიფოს ინტერესშია ეროვნული კონკურენტუნარიანობის ზრდაზე ორიენტირებული რეგიონალური ინოვაციური სისტემისა და კლასტერების განვითარების პოლიტიკის ხელშეწყობა, როგორც საშუალება ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისათვის.

მსოფლიო პრაქტიკის მრავალი მაგალითი ადასტურებს, რომ წარმოების ორგანიზაციის კლასტერული ფორმა ყველაზე ხელსაყრელია ინოვაციური პროცესისთვის. კლასტერი ხელს უწყობს მასში შემავალი დაინტერესებული პირების თანამშრომლობას,  რეგიონის უნიკალური კომპეტენციების ფორმირებას, საწარმოებისა და ორგანიზაციების კონცენტრირებას კონკრეტულ ტერიტორიაზე.

თანამედროვე საქართველოს  ეკონომიკის ძირითადი ამოცანაა ინოვაციური პროცესების აქტივიზაცია და ინოვაციურ განვითარებაზე გადასვლა. ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ის ამოცანები, რომლებიც დაკავშირებულია ინოვაციური კლასტერების, როგორც დამოუკიდებელი მოვლენის, გამოყოფასთან.

საქართველოში უნდა  ჩამოყალიბდეს ინოვაციური განვითარებისათვის ხელსაყრელი ფაქტორების ერთობლიობა. უნდა შეიქმნას კლასტერების მხარდაჭერის სახელმწიფო ზომებისა და მექანიზმების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონების, კლასტერში შემავალი საწარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდას, ასევე  ინოვაციების დანერგვას.

კლასტერული კონცეფციის დანერგვის დაჩქარება ხელს შეუწყობს მცირე ინოვაციური ბიზნესის განვითარებას საქართველოში და რეგიონებში. კლასტრული სტრუქტურების  მხარდაჭერა და  შექმნა  შეიძლება გახდეს სახელმწიფოსთვის და თითოეული ტერიტორიული წარმონაქმნისათვის წინსვლის საწინდარი.

საკვანძო სიტყვები: კლასტერი, კლასტერული პოლიტიკა, კლასტერული ინიციატივა,  ინოვაციური კლასტერი.

შესავალი

თანამედროვე ეკონომიკაში ცალკეული ტერიტორიული წარმონაქმნების (რეგიონი, შტატი, ოლქი) ფუნქციონირებადი საწარმოების ინოვაციურობის ფორმირებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ კლასტერებს, რომელიც საწარმოების, სახელმწიფო, საფინანსო - საკრედიტო დაწესებულებების, სასწავლებლებისა და სხვათა თანამშრომლობაზეა აგებული.

კლასტერი ფინანსური და ინტელექტუალური კაპიტალის ინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფორმაა, რომელიც  კონკურენტულ უპირატესობას უზრუნველყოფს.  კლასტერის შემადგენლობაში ყოფნა ინოვაციურ საწარმოს ფართო შესაძლებლობებს აძლევს.  კერძოდ, თავისუფალ ხელმისაწვდომობას რესურსებზე, ინფორმაციასა და კრედიტებზე.

მსოფლიო პრაქტიკის მრავალი მაგალითი ადასტურებს, რომ წარმოების ორგანიზაციის კლასტერული ფორმა ყველაზე ხელსაყრელია ინოვაციური პროცესისთვის. კლასტერი ხელს უწყობს მასში შემავალი დაინტერესებული პირების თანამშრომლობას,  რეგიონის უნიკალური კომპეტენციების ფორმირებას, საწარმოებისა და ორგანიზაციების კონცენტრირებას კონკრეტულ ტერიტორიაზე.

****

საზოგადოდ, აღსანიშანვია რომ მკვლევარები სხვადასხვაგვარად განსაზღვრავენ კლასტერის არსს, მაგრამ პრაქტიკულად ყველა ამ განსაზღვრებაში ჟღერს ერთი და იგივე კვანძოვანი სიტყვები: გაერთიანება, თანამშრომლობა, ურთიერთკავშირი, კონკურენცია, სპეციალიზაცია, გეოგრაფიული კონცენტრაცია და სხვა. აქედან გამომდინარე, შეიძლება გამოვყოთ კლასტერინგის კონცეფციის მთავარი იდეა - კოოპერაციული კავშირების შექმნის შესახებ: საწარმო - მწარმოებლებს, რესურსებისა და ტექნოლოგიების მომწოდებლებს და მეიჯარებს შორისს, ასევე სამეცნიერო კვლევით და ფინანსურ-საკრედიტო დაწესებულებებს შორის.  

ასეთი კოოპერაციული კავშირები აძლევენ შესაძლებლობას კლასტერის მონაწილეებს აიმაღლონ თავიანთი საქმიანობის ეფექტურობა და უფრო სწრაფად დანერგონ ტექნოლოგიები, პროდუქტები და ასე შემდეგ. ერთის მხრივ კლასტერის მონაწილეები ერთმანეთს უწევენ კონკურენციას, მეორეს მხრივ კი ერთობლივად მუშაობენ სხვადასხვა პრობლემების ახალი გზით გადაჭრისათვის (მაგალითად რესურსების მომარაგება, გასაღების ახალი ბაზრების ხელმისაწვდომობა და ა.შ.) ამრიგად კლასტერის ზღვარზე ერთმანეთს ერწყმის კონკურენცია და კოოპერაცია.

ამის გათვალისწინებით, შეიძლება განვიხილოთ კლასტერის შემდეგი განსაზღვრება: კლასტერი წარმოადგენს ურთერთმომგებიან თანამშრომლობას მეწარმეობის სფეროში ინოვაციურობის სტიმულირების მიზნით რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენებისათვის. [1]

კლასტერისთვის დამახასიათებელი ნიშანთვისებებია:

  • მაქსიმალური გეოგრაფიული სიახლოვე
  • ტექნოლოგიების ნათესაობა
  • ნედლეულის საერთო წყარო
  • ინოვაციური კომპონენტის ხელმისაწვდომობა

კლასტერების ძირითადი მონაწილეები არიან:

  • კერძო სექტორი
  • სამეცნიერო/კვლევითი ინსტიტუტები
  • ფინანსური ინსტიტუტები
  • საჯარო სექტორი

ამასთანავე მონაწილეებად შეიძლება მივიჩნიოთ ფორმალური და არაფორმალური ორგანიზაციები, რომელთა ინტერესშიც არის კლასტერების განვითარება. (სავაჭრო პალატა, ბიზნეს ინსტიტუციები და სხვა).

21-ე საუკუნის დასაწყისში მოწინავე ეკონომიკის მქონე თითქმის ყველა სახელმწიფოს ინტერესშია ეროვნული კონკურენტუნარიანობის ზრდაზე ორიენტირებული რეგიონალური ინოვაციური სისტემისა და კლასტერების განვითარების პოლიტიკის ხელშეწყობა, როგორც საშუალება ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისათვის.

კლასტერული პოლიტიკა კლასტერების მხარდაჭერის მიმართულებით განხორცილებელი საქმიანობაა რაც გულისხმობს: [2]

  • ინოვაციებისათვის ბარიერების მოხსნას;
  • ადამიანურ კაპიტალში და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ჩადებას;
  • შესაბამისი ფირმების გეოგრაფიული კონცენტრაციის მხარდაჭერას.

ქვეყნის ან რეგიონის  კლასტერული პოლიტიკა  წარმოადგენს „კლასტერული ინიციატივების“ პორტფელს, სადაც გათვალისიწინებულია კლასტერის შექმნით გამოწვეული  ეფექტები და რისკები. „კლასტერული ინიციატივა“ არის კონკრეტული კლასტერის შექმნისა და განვითარების პროცესი, რომელიც შეიძლება ჩამოყალიბდეს: [3]

  • რეგიონის   მეწარმეების ან თემის  მიერ;
  • რეგიონისა და ქვეყნის განვითარების ინსტიტუტების მიერ;
  • სახელმწიფო, ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოების მიერ.

კლასტერი ასევე მხარდაჭერილი უნდა იყოს  რეგიონალური განვითარების სტრატეგიით, რომლის შემუშავებისას გათვლილი უნდა იყოს მოცემულ რეგიონში  მწარმოებლურობის, ინოვაციურობის, კონკურენტუნარიანობის, მოგების და დასაქმების დონის ამაღლება, რამაც  ხელი უნდა შეუწყოს  შრომის საერთაშორისო დანაწილებას  და  რეგიონის სპეციალიზაციას. [4]

უცხოეთის ქვეყნების ინოვაციური კლასტერების მკაფიო მაგალითებს წარმოადგენს:

  • აშშ - 380 კლასტერი. სპეციალიზაცია  - კომპიუტერული ტექნოლოგიები.

         კლასტერი - „სილიკონის ველი“.  მსოფლიოში ცნობილი კომპანიების სამშობლო:    Intel, AMD, Oracle, Apple, Cisco, Yahoo!, eBay. [5.http://ppt.ru/news/134649]

  • საფრანგეთში - 96 კლასტერი. სპეციალიზაცია  - ფარმაცევტული და კოსმეტიკა. საკვები პროდუქტების წარმოება. კლასტერი - „Cosmetic Valley“  – 600 საწარმო, მსოფლიო ლიდერი კოსმეტეკის წარმოებაში. [5]
  • ინდოეთში - 106 კლასტერი. სპეციალიზაცია - კომპიუტერული ტექნოლოგიები. IT - დარგების ბრუნვა ინდოეთში შეადგენს 70 მლრდ დოლარს.[5]
  • იტალიაში -  206 კლასტერი. სპეციალიზაცია -  სამომხმარებლო საქონლისა და საჭმელი პროდუქტების წარმოება. კლასტერი -“Sassuolo“: 330 მლნ კვ.მ კერამიკული ფილები წელიწადში საერთო თანხით 3 მლრდ ევრო.[5]
  • დიდი ბრიტანეთი - 168 კლასტერი. სპეციალიზაცია -  ბიოტექნოლოგია და ბიორესურსები. [5]

მეოცე საუკუნის 80-იან წლების ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა მაიკლ პორტერმა შექმნა რეგიონალურ კლასტერებზე დაფუძნებული ეროვნული კონკურენტუნარიანიობის სტრატეგიის თეორია, სადაც ქვეყნის მთავრობა, კერძო სექტორი, შესაძლებლობები, მოთხოვნა და კონკურენცია ქმნიან ისეთ სტრუქტურას, რომლის სამრეწველო ერთობა მძაფრ კონკურენციას უწევს მსოფლიო ბაზარზე წამყვან ბიზნეს სუბიექტებს. [6]

პროფესორის აზრით, კლასტერები წარმოადგენს გეოგრაფიულად კონცენტრირებული ურთერთდაკავშირებული კომპანიების ჯგუფს, რომლებიც უწევენ ერთმანეთს კონკურენციას, მაგრამ ამავე დროს ასრულებენ ერთობლივ სამუშაოს.

მ.პორტერის თეორიის თანახმად, ქვეყნის კონკურენტუნარიანობა უნდა განიხილებოდეს არა ცალკეული ფირმების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობით, არამედ კლასტერებით.

საქართველოში შეიძლება ითქვას, რომ მცირე ბიზნესის კლასტერების განვითარებისათვის ხელსაყრელი ვითარება შეიმჩნევა, რაც მოგვცემს გამოყოფილი რესურსების კონკრეტული მიმართულებით განვითარების კონცენტრირების შესაძლებლობას, ასევე ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონებისა და მთლიანობაში სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. საქართველოში, პირველ რიგში უნდა მოხდეს  კლასტერული პოტენციალის კვლევა, რეგიონების, დარგებისა და ფირმების მიხედვით, რომელთა სწორი ფორმირება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას.

თანამედროვე საქართველოს ეკონომიკის ძირითადი ამოცანაა ინოვაციური პროცესების აქტივიზაცია და ინოვაციურ განვითარებაზე გადასვლა. ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ის ამოცანები, რომლებიც დაკავშირებულია ინოვაციური კლასტერების, როგორც დამოუკიდებელი მოვლენის, გამოყოფასთან.

ინოვაციური კლასტერების ეფექტური განვითარება მნიშნელოვნად დამოკიდებულია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეცნიერული ცოდნის მოწინავე წყაროების ხელმისაწვდომობაზე, ასევე ფინანსური რესურსების მნიშნელოვანი მოცულობის კონცენტრაციის შესაძლებლობებზე. კლასტერის ინოვაციური ორიენტაციის პროცესში დიდ როლს თამაშობს ინტელექტუალური და ფინანსური კაპიტალის განვითარებული ინფრასტრუქტურების არსებობა. რეგიონალურ დონეზე კლასტერული მიდგომის უპირატესობას წარმოადგენს:

  1. რეგიონალურ ინოვაციურ კლასტერებს აქვთ საფუძველშივე ჩამოყალიბებული ახალი ტექნოლოგიების, ცოდნის, პროდუქციის, ტექნოლოგიური ქსელის გავრცელების მდგრადი სისტემა, რომელიც ერთიან მეცნიერულ ბაზას ეყრდნობა;
  2. კლასტერის საწარმოებს აქვთ დამატებითი კონკურენტული უპირატესობები, რადგან მათ აქვთ სპეციალიზაციისა და სტანდარტიზაციის განხორციელების, ასევე ინოვაციების დანერგვაზე, ხარჯების მინიმუმადე დაყვანის შესაძლებლობები;
  3. კლასტერის მოქნილი სამეწარმეო სტრუქტურების არსებობა მათ სტრუქტურებში - მცირე საწარმოები, რომლებიც ხელს უწყობენ რეგიონის ეკონომიკის ინოვაციური წერტილების ზრდის ფორმირებას;
  4. კლასტერები ძალიან მნიშვნელოვანია მცირე ინოვაციური მეწარმეობის განვითარებისათვის, რადგანაც ისინი უზრუნველყოფენ მცირე ინოვაციურ ფირმებს სპეციალიზაციის მაღალი ხარისხით, კონკრეტული მეწარმეობრივი ნიშის მომსახურებისას, რადგანაც ამ დროს სამრეწველო საწარმოების კაპიტალთან ხელმისაწვდომობა გაადვილებულია, ასევე ადვილად ხდება იდეების გაცვლა და სპეციალისტების ცოდნის მეწარმეებისათვის გაზიარება.
  5. ეფექტურად ფუნქიონირებად ინოვაციურ კლასტერებში, დაჩქარებულია ინოვაციური პროცესი, ხოლო მცირე ინოვაციურ საწარმოებს, რომლებიც კლასტერის მონაწილეები არიან, უვითარდებათ ისეთი უპირატესობა, როგორიცაა ინოვაციების აღქმა, ბიზნესის რაციონალიზაცია, რომელიც წინ უსწრებს მწარმოებლურობის ზრდას და ა.შ.

თუმცა მიუხედავად ყველა ზემოთხსენებული უპირატესობისა, ამჟამად საქართველოში  არ არსებობს კლასტერების განვითარების უნივერსალური კონცეფცია. თვით ცნება „კლასტერი“ არ არის კანონმდებლობით დამტკიცებული. მოცემულ პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კლასტერული პოლიტიკა.

კლასტერული პოლიტიკა - კლასტერების მხარდაჭერის სახელმწიფო ზომებისა და მექანიზმების სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონების, კლასტერში შემავალი საწარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდას, ასევე  ინოვაციების დანერგვას. კლასტერების შექმნისა და განვითარების ღონისძიებებს თან ერთვის ორგანიზაციული, ნორმატიულ-სამართლებრივი უზრუნველყოფის ზომები, ინვესტიციური, ფინანსურ-საბიუჯეტო მექანიზმები, საინფორმაციო და საკადრო მხარდაჭერა. ინოვაციური კლასტერების განვითარების მხარდაჭერისა და უზურუნველყოფის აუცილებლობა მტკიცდება შემდეგი არგუმენტებით: [7]

- ეკონომიკის ინოვაციურობა დამოკიდებულია არა მარტო საწარმოებისა და მეცნიერულ-კვლევითი დაწესებულებების ეფექტურ საქმიანობაზე, არამედ პირველ რიგში იმაზე, თუ როგორ თანამშრომლობენ ერთმანეთთან და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან.

- ინოვაციური საქმიანობის სუბიექტების ტერიტორიული სიახლოვე უწყობს ცოდნის ჩამოყალიბებას, აღქმას და გამოყენებას, ასევე ეფექტური ინოვაციური სისტემის ფორმირებას.

კლასტერული პოლიტიკის ძირითადი მიზნებია:

- მცირე ინოვაციური ბიზნესის განვითარება;

- რეგიონებისა და ცალკეული სწარმოების კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციური პოტენციალის ამაღლება;

- რეგიონლაური ეკონომიკის დივერსიფიკაციის ხელშეწყობა რეგიონალური დარგობრივი კლასტერების სტიმულირებისა და განვითარების საფუძველზე.

კლასტერის საერთო ნიშანთვისება, რომლითაც მათ მიაღწიეს არსებით ტექნოლოგიურ პროცესს, არის ის, რომ ყველა მუშაობს როგორც ერთიანი ქსელის მონაწილე და არა ცალცალკე. სპეციალისტების მტკიცებით, კლასტერული საწარმოების ყველაზე დიდი უპირატესობა არის ის, რომ მას აქვს შესაძლებლობა მოიწვიოს მაღალკვალიფიციური მუშები და პარტნიორებმა  ერთმანეთს გაუზიაროს საბაზრო ინფორმაცია. აღსანიშნავია რომ კლასტერში ყოფნა სტიმულს აძლევს მეწარმეობრივ ჟინს, აადვილებს კავშირების დალაგებას სხვადასხვა პროექტების განხორციელების მიზნით, რაც ძალიან მნიშნელოვანია მცირე ინოვაციური საწარმოებისათვის. [8]

საქართველოსთვის კლასტერების განვითარებისა და შექმნის მართვის ინსტრუმენტების სრულყოფა შეიძლება სასარგებლო იყოს, ამისათვის უნდა არსებობდეს ინოვაციური კლასტერის ფორმირების შემდეგი წინაპირობები:

- მეცნიერული პოტენციალის არსებობა (მსოფლიო დონის მეცნიერების ყოფნა, მსხვილი მეცნიერული ცენტრები, უმაღლესი საწარმოო მეცნიერების არსებობა)

- ინოვაციური კლასტერის ფორმირების იდეის მხარდაჭერის ინსტიტუციონალური წინაპირობები - ხვადასხვა ფონდები ბიუჯეტის სახსრებიდან, ასევე ამ იდეის სახელმწიფოებრივი  და რეგიონალური მხარდაჭერა.

- პოლიტიკური წინაპირობები (მთავრობის გადაწყვეტილება ინოვაციური საქმიანობის, როგორც ერთერთი სტრატეგიული პრიორიტეტის, განვითარების შესახებ)

- წარმოების წინაპირობები, სახელდობრ, კლასტერში შემავალი რეგიონისა და ცალკეული საწარმოების ინოვაციურობის დონე, რომლის მოთხოვნაც უნდა გაჩნდეს კლასტერის წარმოების მიმართ, როგორც უმაღლესი კონკურენტუნარიანობის მიღწევის აუცილებელი პირობა.

საქართველოში უნდა  ჩამოყალიბდეს ინოვაციური განვითარებისათვის ხელსაყრელი ფაქტორების ერთობლიობა. მათ რიცხვშია მოსახლეობის სტრუქტურაში უმაღლესი განათლების მქონე პირთა მაღალი კონცენტრაცია, განვითარებული სამეცნიერო ინფრასტრუქტურა, ქალაქისა და რეგიონების  საწარმოებში შემუშავებული პროექტების გამოყენების შესაძლებლობა.

საქართველოში შემდგომი განვითარებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის განმტკიცებისათვის ეფექტური შეიძლება გახდეს მცირე ინოვაციური საწარმოების რეგიონული კლასტერების შექმნა.

ქვემოთ მოცემულია საქართველოს  მცირე ინოვაციური საწარმოების კლასტერის ორგანიზაციულ-კონცეპტუალური სქემა.

საქართველოს  მცირე ინოვაციური საწარმოების კლასტერის ორგანიზაციულ-კონცეპტუალური სქემა.

 მოცემული სქემის ჩარჩოში შეიძლება გამოვყოთ შემდეგი სტრუქტურული ელემენტები:

- „კლასტერის ბირთვი“ - ობიექტები, რომელთა ირგვლივ ხდება კლასტერის - მცირე ინოვაციური საწარმოების დაჯგუფება.

- „დამატებითი ობიექტები“ - ობიექტები, რომელთა საქმიანობა უშუალოდ უზრუნველყოფს „კლასტერის ბირთვის“ ობიექტების ფუნქციონირებას, ჩვენი აზრით, მათ უნდა მივაკუთვნოთ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, საგანმანათლებლო დაწესებულები, ბიზნეს-ინკუბატორები და სხვა.

- „მომსახურე ობიექტები“ - ობიექტები, რომელთა არსებობა აუცილებელია, მაგრამ მათი საქმიანობა უშუალო კავშირში არ არის  „კლასტერის ბირთვის“ ობიექტის ფუნქციონირებასთან. ჩვენი აზრით „მომსახურე ობიექტებს“ უნდა მივაკუთვნოთ საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებები, ასევე საწარმოებები, რომლებიც კლასტერის სერვისულ ფუნქციებს ახორციელებს.

- „დამხმარე ობიექტები“ - კლასტერის ობიექტები, რომელთა არსებობა სასურველია, მაგრამ არ არის აუცილებელი კლასტერის სხვა ობიექტების ფუნქციონირებისათვის. მათ რიცხვს შეიძლება მივაკუთვნოთ სხვადასხვა საკონსულტაციო საქმის წარმოება, რომელთა ფუნქციები შეიძლება განხორციელდეს როგორც კლასტერის ჩარჩოში, ასევე აუტსორსინგის დახმარებითაც. ამას გარდა, მოცემულ ობიექტებს შეიძლება მივაკუთვნოთ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სადაზღვევო, ლიზინგური, ფაქტორინგული საწარმოები. 

შემოთავაზებული მცირე იონოვაციური საწარმოების კლასტერის ორგანიზაციულ-კონცეპტუალური სქემის მნიშნელოვანი მომენტი არის ის, რომ აქცენტი კეთდება არა მხოლოდ კლასტერის მონაწილეთა და კლასტერული ჯგუფის პროდუქციის მომმარაგებელ-მომხმარებლების ურთიერთქმედებაზე, არამედ რეგიონის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და რეგიონში მცირე ბიზნესის სახელმწიფო მხარდაჭერის ინფრასტრუქტურის ორგანიზაციებთან ურთერთქმედებაზე.

დასავლეთის გამოცდილების თეორიული წინაპირობის განხილვის საფუძველზე საქართველოში მცირე ინოვაციური კლასტერის განვითარების პირობების, შესაძლებლობების შექმნისათვის შეიძლება შემდეგი მეთოდური მიდგომების შეთავაზება: [9]

  1. მოსამზადებელი ეტაპი, რაც ითვალისწინებს საქართველოს რეგიონში კლასტერის მოდელის ზოგად მეთოდურ დამუშავებას. მას თან ერთვის შემდეგი ეტაპები: მუშათა ჯგუფის შექმნა; კლასტერის მომავალი მმართველი ცენტრის სავარაუდო მონაწილეების განსაზღვრა; მცირე ინოვაციური საწარმოების კლასტერის ფუნქციონირების ნორმატიულ-უფლებრივი ბაზის დამუშავება და დამტკიცება; პროექტის დასახული მიზნის დამუშავება;
  2. ანალიტიკური ეტაპი. ამ ეტაპზე ხორციელდება შემდეგი ნაბიჯები: კლასტერის წარმოების განსაზღვრა; კლასტერის ბირთვის ფორმირება; კლასტერის საზღვრების დადგენა; ვლინდება კლასტერის შიდა კავშირები; განისაზღვრება კლასტერის მმართველობის ცენტრი; ტარდება კლასტერის სტრატეგიული ანალიზი; განისაზღვრება მისი პოტენციალი.
  3. ორგანიზაციულ-ეკონომიკური ეტაპი, რაც  ითვალისწინებს კლასტერის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფისათვის რეკომენდაციების დამუშავებას. მას თან ერთვის:

- კლასტერის ფუნქციონალური და ორგანიზაციულ-სამეურნეო მექანიზმების აგება;

- მონაწილეთა ინოვაციური საქმიანობის გაფართოების მიზნით, ინფრასტრუქტურის განვითარება;

- კლასტერის მონაწილეთა ინფორმაციული ურთიერთმოქმედების ორგანიზება;

- კლასტერის წევრთა შესაძლებლობებისა და კომპეტენციის სისტემატიზირება;

- კლასტერის განვითარების სტრატეგიის, მათ რიცხვში მიზნების, სცენარისა და ინოვაციური განვითარების მიმართულებების შემუშავება.

  1. კლასტერის საქმიანობის ეფექტურობის შეფასების ეტაპი. მოცემული ეტაპი ითვალისწინებს კლასტერის განვითარების სტრატეგიის ეფექტურად შესრულების ანალიზს, სხვადასხვა მიმართულებით, ფუნქციონირების პროგნოზის დამუშავებას, სინერგეტიკული ეფექტის თვალსაზრისით, კლასტერის ეფექტურობის შეფასების მეთოდიკის ფორმირებას. საწყის ვარაუდად მიიღება ის ფაქტი რომ ეფექტურად ფუნქციონირებად ინოვაციურ კლასტერებში დაჩქარებულია ინოვაციური პროცესი, ხოლო კლასტერის მონაწილეებს უვითარდებათ ისეთი უპირატესობები, როგორიცაა ინოვაციების აღქმა, ბიზნესის რაციონალიზაცია, მწარმოებლურობის წინსწრები ზრდა და ა.შ.

კლასტერის ფუნქციონირების ეფექტურობა შეიძლება შეფასდეს ხელფასის დონით, შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობით.

დასკვნა

საერთო სახელმწიფოებრივ და ლოკალურ დონეზე კლასტერული კონცეფციის დანერგვის დაჩქარება ხელს შეუწყობს მცირე ინოვაციური ბიზნესის განვითარებას საქართველოში და რეგიონებში.  კლასტერული სტრუქტურების მხარდაჭერა და  წარმოქმნა შეიძლება გახდეს თითოეული ტერიტორიული წარმონაქმნისათვის და სახელმწიფოსთვის წინსვლის საწინდარი. ამისათვის აუცილებელია, პირველ რიგში საკანონმდებლო დონეზე მოვხაზოთ კლასტერების შექმნისა და ფუნქციონირების სამართლებრივი ბაზა,  შესაბამისად, მიზანშეწონილია იმ ტერმინების განმარტება, რომლებიც კლასტერინგს ეხება. მნიშნელოვანია ასევე ხელმძღვანელი სუბიექტების რაოდენობის კონკრეტიზირება, მონაწილეთა სტატუსი, მისი შექმნის პირობები, დოკუმენტების მომზადება იურიდიული გაფორმებისა და ფუნქციონირებისათვის, კლასტერის დასახელების იურიდიული დამტკიცების პროცედურა, ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების ჩამონათვალი, მისი საქმიანობის რეგლამენტირებისათვის.

საჭიროა ავღნიშნოთ თუ როგორ ხდება კლასტერის მონაწილეთა შორის ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომელი ორგანოები მართავენ კლასტერულ განათლებას, როგორია მათი უფლებამოსილება, რა სახის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ კლასტერის მონაწილეებს და რა დარღვევაზე და სხვა.

რადგანაც კლასტერები წარმოიქმნება ხანგრძლივი დროით, ჩამოთვლილი საკითხების სამართლებრივი რეგლამენტირება უზრუნველყოფს ასეთი გაერთიანებების აღმოცენებასა და ფუნქციონირებას, მიუხედავად იმისა, თუ როგორი მთავრობა ხელმძღვანელობს სახელმწიფოს და რა პოლიტიკას ატარებს ის. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Владислав Тарасенко. Территориальные кластеры: Семь инструментов управления. — М.: Альпина Паблишер, 2015.  c - 201;
  2. В.В. Тарасенко Социологический анализ целей кластерных инициатив, 2011. с - 30;
  3. http://ru.wikipedia.org
  4. http://ppt.ru/news/134649;
  5. Solvell, O, Lindqvist, G, & Ketels, C, The Cluster Initiative Greenbook, 2003. p-25;
  6. Портер, М. Конкуренция. 2001. с - 495;
  7. https://en.wikipedia.org/wiki/Business_cluster;
  8. Фурщик Моисей, Славянова Светлана Кластер номер один//Эксперт Юг № 48 2010. c -137;
  9. Мигранян, А. А. Теоретические аспекты формирования конкурентоспособных кластеров в странах с переходной экономикой 2002. с - 99.